სამართალი
„პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა“

biz-saakaSსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. გაზეთ  „ქრონიკის“ გუშინდელ  ნომერში დათა ახალაიას მონაყოლზე დაყრდნობით  კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული  სკანდალური  ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით სააკაშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. 2011 წლის 11 ოქტომბერს მან ვანო მერაბიშვილი დაიბარა და ბიზნესცენტრში ივანიშვილის ლიკვიდაცია მოთხოვა. სააკაშვილი მოითხოვდა, რაიმე მარტივი პროვოკაცია დაეგეგმათ ივანიშვილის წინააღმდეგ, თუნდაც პოლიციელებად გადაცმული სპეცრაზმელების მიერ ბიზნესცენტრში ჩხრეკის ჩატარების ან სხვა ამდაგვარი, მისი დაცვის წევრები კი ძულებინათ, ცეცხლი გაეხსნათ და შემდეგ ორმხრივი სროლისას, ივანიშვილი მოეკლათ, -  წერს „ქრონიკა“.

გაზეთის ინფორმაციით, ამაზე მერაბიშვილმა უარი განაცხადა და შეეცადა დაემტკიცებინა სააკაშვილისთვის, რომ  ეს უპერსპექტივო გეგმა იყო და საპასუხოდ რევოლუციას მიიღებდნენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის ძალისხმევით რეზიდენციაში მივიდნენ  ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია, გიგა ბოკერია და მისი უახლოესი გარემოცვის  კიდევ რამდენიმე წევრი, რომლებიც საკაშვილის გადარწმუნებას შეეცადნენ.  მაშინ სააკაშვილი მერაბიშვილს დაემუქრა, რომ თანამდებობას დაატოვებინებდა. ამის შემდეგ სააკაშვილმა დაიბარა კუდის უფროსი დათა ახალაია და დაავალა, ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა მოეფიქრებინა და მასვე განეხორციელებინა. მაშინ ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში, ძმასთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილის დასტური მიიღო. რამდენიმე საათში სააკაშვილთან ამერიკის ელჩი ჯონ ბასი მივიდა. ერთსაათიანი დახურული საუბრის შემდეგ კი პრეზიდენტმა  ივანიშვილის ლიკვიდაციის განზრახვა გადაიფიქრა.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, დათა ახალაია სამართალდამცავებს მოუყვა, როგორ გეგმავდა სააკაშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას  უკვე 2012 წლის 22 სექტემბერს ზუგდიდში „ქართული ოცნების“  მიტინგზე. ივანიშვილის  ლიკვიდაციის გეგმა  მეორედაც ძმები ახალაიების დაჯგუფებებს უნდა განეხორციელებინათ. ამ გეგმის ავტორი კი ვანო მერაბიშვილი იყო.  ივანიშვილის მკვლელობის შემდეგ, გეგმის მიხედვით, მეგის ქარდავას დაჯგუფებებს არეულობა უნდა დაეწყოთ სამეგრელოში, ქაოსს მთელი ქვეყანა უნდა მოეცვა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მართვადი ქაოსი. ამის შემდეგ პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, არჩევნები გადაიდებოდა,  სიტუაციის დამშვიდების შემდეგ კი არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებდა.

წყაროს ცნობით, ძმები ახალაიებისთვის ცნობილი გახდა გეგმის ფინალი, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი  მომხდარს მათ გადააბრალებდა და დასჯიდა.

„ძმები ახალაიები იმაზე საშიშნი აღმოჩდნენ მიხეილ სააკაშვილისთვის, ვიდრე წარმოიდგენდა. შეიძლება ითქვას, ბაჩო და დათა ახალაიები მასზე და ვანო მერაბიშვილზე ეშმაკები გამოდგნენ, რადგან თავი არ გამოაყენებინეს და „საუკუნის მკვლელობა“ არ აიკიდეს ზურგზე, საიდანაც მიშა და ვანო სუფთად გამოვიდოდნენ“, -  წერს გაზეთი „ქრონიკა“.