პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: “უცებ მომინდეს და რუსეთში წავიდე, ასე მარტივი ვერ იქნება”

bizi-rusსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრება უფრო ადვილი დასაგეგმია, ვიდრე რუსეთში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ამერიკაში წასვლა გაცილებით იოლი დასაგეგმია. ამერიკაში წასვლის კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად წავალ. რუსეთში წასვლა არ არის ასე მარტივი დასაგეგმი. ჯერ ნაადრევია, ვისაუბროთ წასვლასა და შეხვედრებზე. ეს ძალიან რთული პროცესია. ამას წინ უნდა უძღოდეს არა ისეთი პროცესები, რაც ახლა ხდება. უნდა გადაიდგას ნაბიჯები დარეგულირებისკენ და ამას უნდა მოჰყვეს ის, რასაც დიპლომატია გაწერს. უცებ მომინდეს და რუსეთში წავიდე, ასე მარტივი ვერ იქნება", - აღნიშნა პრემიერმა და იქვე განმარტა, რომ "ამ მხრივ არავითარი კონკრეტული გეგმა არ ჩანს, გარდა იმ შეხვედრებისა, რასაც კარასინი-აბაშიძის შეხვედრების ფორმატი გულისხმობს".