“განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ მისიით, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა ფრანგ სამხედროებთან ერთად შეასრულეს. ქართველი სამხედროების მოქმედება ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს. პირადად მე, ორ ძირითად ელემენტს გამოვყოფდი: ეს არის პროფესიონალიზმი და ინტეგრაციისკენ სწრაფვა. ყოველდღიური სამუშაოების უფრო ეფექტურად შესრულების მიზნით, ქართველ სამხედროებში ფრანგულ სამხედრო ოჯახთან ინტეგრაციის დიდი სურვილი დავინახე. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, ქართველების მიმართ ქება-დიდებას არ დავიშურებ”, - აღნიშნა ფრანგული კონტინგენტის მეთაურმა, ბრიგადის-გენერალმა ფილიპ ადამმა.
„შესაძლებლობა გვაქვს ქართული კონტიგენტის მთლიანი შემადგენლობა „ვერჰაუზის“ ბაზიდან „ფენიქსის“ ბაზაზე გადავიყვანოთ. ქართული კონტიგენტის „ფენიქსის“ ბაზაზე გადმოყვანა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მოვახერხეთ. ჩვენ ქართულ კონტიგენტთან ერთად ოპერაციების შესრულება გვიწევს და კარგად ვიცით ქართველი სამხედროების შესაძლებლობები“, - განაცხადა ბაზა „ფენიქსის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა უილიამ ჰოლმა.
ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში გადაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ISAF-ის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება უკვე შეიტანა.