მეთიუ ბრაიზა: „იმედგაცრუებული ვარ აშშ-ის ახლანდელი პოლიტიკით საქართველოში“
საქართველო, 3 ივნისი,
საქინფორმი. პოლონურმა გაზეთმა
"გაზეტა ვიბორჩა" გამოქვეყნა ინტერვიუ ამერიკელ დიპლომატ
მეთიუ ბრაიზასთან, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მოახდინა სააკაშვილის პროვოცირება და ოსებმა რუსებისგან მიიღეს სროლის ბრძანება, საქართველომ კი უპასუხა. დიპლომატის შეფასებით, “მოსკოვსაც ეს უნდოდა“.
ინტერვიუში დიპლომატმა აღნიშნა ასევე, რომ იგი იმედგაცრუებულია აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველოში. „ესაა უკანდახევის ტაქტიკა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გავამწვავოთ. ამიტომაც გადაწყდა, რომ ყველაზე მარტივია, ყველა ცოდვა სააკაშვილს ავკიდოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს გიგანტური შეცდომაა, არა მარტო იმიტომ, რომ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ეს რუსეთისთვის არაორაზროვანი სიგნალია: თქვენ შეგიძლიათ შეიჭრათ სხვა ქვეყნებშიც, მოახდინოთ პროვოკაციები. ამის გამო პასუხს არ აგებთ“. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ბრაიზას თქმით, ამ საკითხში „თბილისის პოზიცია ნათელია: როგორც პრემიერი ივანიშვილი, ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია, ვიდრე რუსეთი, ფაქტობრივად, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს. ამის მიუხედავად, აუცილებელია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები“.