აქტუალური
საგარეო საქმეთა მინისტრი სტალინის გამო პასუხს 100 ათასი ლარით აგებს?

1-akt-staliniსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. გაზეთ კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საუბრობს იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამო მას სასამართლოში უჩივიან და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

"როდესაც უმცირესობამ პარლამენტში დამიბარა, მკითხეს, რას ფიქრობთ სტალინის ძეგლის აღდგენაზეაო. ვთქვი, რომ სტალინი ისეთივე დამნაშავეა, როგორც ჰიტლერი და მისი ძეგლი არ შეიძლება იდგეს-მეთქი. ეს რაღაც ჯგუფების ინიციატივაა და არა სამთავრობო პოლიტიკა-მეთქი.

ჩემი პასუხი მოუსმენია ვინმე ბატონ უშანგის, ეტყობა, ძველ სტალინელს, რომელმაც სასამართლოში მიჩივლა დიდი სტალინის შეურაცხოფის, მისი პატივის და ღირსების შელახვისა და დანაშაულის დაბრალებისთვის. ის ჩემგან მოითხოვს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან და ტელევიზიით მოვიხადო ბოდიში დიდი ბელადის შეურაცხყოფისთვის და გადავიხადო 100 ათასი ლარი. ამ თანხის ნაწილი უნდა მოხმარდეს გორში სტალინის ძეგლის დადგმას.

ეს უწყება რომ მოვიდა სამინისტროში, ყველამ იუმორით შეხედა, მაგრამ ეს სულაც არ აღმოჩნდა სასაცილო. სასამართლოზე ალბათ ვერ მივალ, რადგან საქართველოში არ ვიქნები, მაგრამ იქ ჩემი წარმომადგენელი მივა და იმედია, სამართალი იზეიმებს", - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.