საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. 2013 წლის 31 მაისს ეროვნულ სტადიონზე კახა კალაძის მეგობრებისა და "მილანის" სიმბოლური გუნდების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს საფეხბურთო კარიერის დასრულება მიულოცა და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძემ ასევე მილოცვა მიიღო “მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისგან.
თავდაპირველად კი მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელები მოედანზე გასახურებლად გავიდნენ და ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივრებს ბურთები გადაუყარეს. სტადიონის დიდ მონიტორზე კახა კალაძის განვლილი საფეხბურთო კარიერის შესახებ 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. მატჩის დაწყებამდე ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბერა ივანიშვილი წარდგა. „დღეს გაზაფხულის ბოლო დღეა და ჩვენი კახას საფეხბურთო კარიერის ბოლო დღე, მაგრამ მის ცხოვრებაში ახალი სეზონი - ზაფხული დაიწყება. ყველამ ერთად წარმატებები ვუსურვოთ", - განაცხადა ბერამ და რამდენიმე ახალი სიმღერა შეასრულა. გარდა ამისა, სცენაზე ამერიკელი რეპერი replay გამოვიდა და ბერასთან დუეტში იმღერა.შემდეგ გუნდები მოედანზე გავიდნენ და საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ მატჩი დაიწყო. კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში პირველი დარტყმა მისმა ვაჟმა ლევანიკო კალაძემ შეასრულა. პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 „კალაძის მეგობრების" სასარგებლოდ დამთავრდა.
შესვენების დროს მოედანზე ანსამბლი "ერისიონი" გამოვიდა და გულშემატკივრებს ლამაზი სანახაობა წარმოუდგინა. მეორე ნახევრის დაწყებამდე სახალისო ამბავი მოხდა - მინდორზე თითქმის შიშველი მამაკაცი გამოვარდა და ცეკვა დაიწყო, შემდეგ კი მოცეკვავეთა ჯგუფი გამოჩნდა და რამდენიმე ნომერი შეასრულა.
მეგობრული შეხვედრა „მილანის" გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. მატჩის დამთავრებისას ხალხით სავსე სტადიონის თავზე ცა ფოიერვერკებმა გაანათა და საგანგებოდ ამ დღისთვის დაწერილი სიმღერა - „ყველას გვიყვარხარ, კალა! დიდი მადლობა, კალა!“ - შესრულდა.