პარიზში თამარ ივერის კონცერტი გაუქმდა
საქართველო, 31 მაისი,
საქინფორმი. როგორც ჟურნალი „
ტაბულა“ იუწყება, პარიზის ნაციონალური ოპერის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მომღერალ
თამარ ივერის პირველ ივნისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. კონცერტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „იდენტობამ“, ივერის მიერ 17 მაისის შემდგომ გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილის საფუძველზე, პარიზის ნაციონალური ოპერის ხელმძღვანელობას მისი კონცერტის გაუქმების თხოვნით მიმართა.
"17 მაისის შემდეგ თამარ ივერმა გამოაქვეყნა ჰომოფობიური გამონათქვამებით სავსე წერილი. ჩვენ ის ვთარგმნეთ და გავუგზავნეთ პარიზის ნაციონალურ ოპერას. წერილი იდენტობისა და IGLYO-ს სახელით გაიგზავნა, სადაც მოვითხოვდით დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას. კონცერტი გაუქმდა, რაც მისასალმებელია. თუმცა რამდენად იყო ჩვენი წერილი მთავარი ფაქტორი, ზუსტად არ ვიცით," - განაცხადა “ტაბულასთან“ საუბრისას "იდენტობის" წარმომადგენელმა ლევან ბერიანიძემ.
თამარ ივერის ნაცვლად კონცერტზე კაროლინა ულრიხი იმღერებს.