საზოგადოება
ღარიბაშვილმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა

1-brusellსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟოელ მილკეს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან. მინისტრმა ევროპელ კოლეგებს აცნობა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, 6-7 ივნისს იგეგმება საერთაშორისო კონფერენცია  თემაზე „გზა ევროპული ინტეგრაციისკენ - სამართალდამცავი უწყებების როლი", რომელზეც მოწვეული არიან აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში დირკ ბრენგელმანთან, გენმდივნის მოადგილესთან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების საკითხებში ჰუსეინ დირიოზთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში გაბორ იკლოდისთან. შეხვედრების დროს განხილული იქნა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და შსს-ს როლი ამ  პროცესში.