სამართალი
მერაბიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

1-advokati-merabiSსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით წაყენებული ბრალის გამო აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძების შეფარდების თაობაზე  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარე კი ითხოვდა, რომ მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ შეფარდებოდა.

თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, - ამის შესახებ  ადვოკატებმა გიორგი ჩივიაშვილმა და გიორგი გელხაურმა განაცხადეს.

"ბრალდების მხარე აპელირებდა იმაზე, რომ თუ არ მოხდებოდა პატიმრობის შეფარდება, ვანო მერაბიშვილი გაანადგურებდა მტკიცებულებებს, ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე, თუმცა, საინტერესოა, როგორ შეეძლო მას გაეკეთებინა ეს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელი იქნება. ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას 48 საათის ვადაში გავასაჩივრებთ", - აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს მერაბიშვილისთვის მეორე წინასწარი პატიმრობაა. კიდევ ერთი წინასწარი პატიმრობა მას ქუთაისის საქალაქო სასამათლომ დასაქმების პროგრამის საქმეზე შეუფარდა.