საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებმა ქალაქის მერიის ცენტრალური შესასვლელი გადაკეტეს, რასაც პოლიციელებსა და სოციალურად დაუცველებს შორის ვითარების გამწვავება მოჰყვა.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის წევრებს იძულებით გაახსნევინეს მერიის შესასვლელი. ამას დაპირისპირება მოჰყვა, რომლის დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასწარაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.აქციის მონაწილეები ითხოვენ საბინაო პირობების გაუმჯობესებას და დიდ დიღომში იმ ბინების დაკანონებას, რომლებიც შვეიცარიის განვითარების ფონდმა ააშენა.
„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, დიდ დიღომში ბინები არ განაწილდეს, ყადაღა დაედოს, გაიყიდოს და თითოეულ სოციალურად დაუცველს დაგვერიცხოს ბარათებზე, იმიტომ რომ ის ბინები არის უკანონოდ განაწილებული“, - განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურად დაუცველმა.
აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა მერიის საქალაქო და სოციალური სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, რომლის განცხადებითაც, პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმა მიუღებელია. ქაცარავას თქმით, კომისია გადაწყვეტს, თუ ვინ შესახლდება შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ დიდ დიღომში აშენებულ სახლებში.
აქციის მონაწილეების ნაწილი ამჟამად მერიის შესასვლელთან რჩება და ქალაქის მერიის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.