საზოგადოება
პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის დახურული შეხვედრა გაიმართა

1-prezსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმცირესობის მიერ საპარლამენტო სესიის დატოვების შემდეგ საგანგებო თათბირის ჩატარება გადაწყვიტა და გუშინ საღამოს ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობასთან დახურული შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია,  უმცირესობის წევრების განმარტებით კი, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რადგან დაკავებულია პარტიის გენერალური მდივანი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა გეგმითა და სტრატეგიით უნდა იმოქმედონ. პარტიის გენერალური მდივანი ერთი კვირაა დაჭერილია და ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენ ორდინარულად ვერ ვიმუშავებთ, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთი შეხვედრები. ყველა საკითხზე ვმსჯელობთ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით და რა საკითხებზე იქნება ჩვენი აქტიურობა პარლამენტში", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს, თუმცა ამ ეტაპზე სხდომებს არ დაესწრება. ამ ფორმით ოპოზიცია ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებს და ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დევნას აპროტესტებს.