პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „მეგონა, სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის“

1-premier-komentსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან არასასიამოვნო და გაუგებარია. ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გუშინ „პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"რაც ხდება, ძალიან არასასიამოვნო და, მართალი გითხრათ, გაუგებარიცაა, რამეთუ მე მეგონა, სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაკლებდით არაფერს სიტუაციის დასალაგებლად.  მაქსიმალურად ვცდილობთ, გავერკვიოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს ძალიან სამწუხაროა. მე დასკვნების და, მითუმეტეს, მძიმე დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის შედეგია – ამას არ ვეთანხმები. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტორიკა, რომელსაც არ ვფარავთ და ისევ გავაგრძელებთ. ვცდილობთ, ყველაფერი დავალაგოთ დიპლომატიით და ნორმალური გამონათქვამებით და არა ომით. რთულია, ადრეც არასდროს მითქვამს, რომ მოვალთ და ხუთ წუთში ყველაფერს დავალაგებთ. რა თქმა უნდა, სიტუაცია, საიდანაც ჩვენ დავიწყეთ, იყო ძალიან რთული და დღესაც არის რთული, ეს მარტივად ვერ დალაგდება და ჩვენ არასდროს გვქონია ამის ილუზია, მაშინაც კი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.