სამართალი
სუბარი: „არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ“

1-metodebiსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „მაყურებლები" იყვნენ ბაჩოს დროსაც და ახლაც არიან.

„ჩემი მინისტრად დანიშვნიდან მესამე დღეს რუსთავის ციხეში არეულობა პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რომ მაყურებლებს გამოვუცხადე ბრძოლა. იმ ეტაპზე ეს ბრძოლა წარმატებით ვერ დამთავრდა სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ "მაყურებლების" მხარე დაიკავა ისე, რომ არ იცოდა, "მაყურებლების" თამაშს რომ წამოეგო... დღეს იგივე საზოგადოება ყვირის, ციხეში "მაყურებლები" ისევ არიანო... ჩემი თანამშრომლები რამდენიმე კვირის წინ ავსტრიაში იყვნენ იქაური გამოცდილების გასაზიარებლად. ქალაქ გრადში არის მაღალი უსაფრთხოების ციხე, სადაც 300-მდე კაცია და მათში 6 ქართველია. იცით, რა ქნეს ქართველებმა? მაყურებლებად დასხდნენ და "ობშჩიაკს" კრეფენ. რამდენიმე რუსი ე. წ. "პეხოტად" ჰყავთ, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებენ. ციხის უფროსი გადარეულია, ამათ ვერაფერი მოვუხერხეო. ეს ხდება მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადაც მხოლოდ სამასი პატიმარია და მე როგორ უნდა გავაკეთო ეს უცბად ჩვენს ციხეებში?! არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ. ბაჩოს მეთოდები კი არ გვინდა, რადგან ვიცი, დანაშაულს დანაშაულით ვერ შეებრძოლები", - განაცხადა სუბარმა.