საზოგადოება
გენერალი თამაზაშვილი: „პირველ რიგში, პრეზიდენტს ვუჩივლებ!“

1-tamaz-prezსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. გენერალ თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, ის არავის აპატიებს იმ ბინძურ კამპანიას, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა მის წინააღმდეგ დაგეგმეს და განახორციელეს.

„პირობას ვაძლევ საზოგადებას, რომ არც მიხეილ სააკაშვილს ვაპატიებ ამას.  პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს ვუჩივლებ, შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს. ასევე მინდა ვუჩივლო გიგა ნასარიძეს, რომელიც ავრცელებდა ვიდეოკლიპებს, სადაც მე კრიმინალად, ნარკომოვაჭრედ და საშიშ დამნაშავედ ვიყავი გამოყვანილი. ასევე აუცილებლად ვუჩივლებ სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და "ვაწყენინო", ამიტომ უახლოეს დღეებში მე და ჩემი ადვოკატები ჩავუჯდებით თითოეულ საქმეს და გენერალურ პროკურატურაში სარჩელს შევიტანთ ქვეყნის პრეზიდენტისა და ზემოთ დასახელებულ პირთა მიმართ, თანდართული მტკიცებულებებით", - განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა.