სამართალი
ჟან კლოდ მინიონი: „თუკი საზღვრის გადმოწევის ფაქტი დადასტურდა, ბუნებრივია, ამას დავგმობთ“

1-jean-claudeსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რომელიც მან საგარეო უწყებაში ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

მე მას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გარდა ამისა, გადავეცი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზი და ასევე ჩვენი განცხადებები, ვუამბე იმ დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა და მომავალშიც გადადგამს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

თავის მხრივ, ჟან კლოდ მინიონმა, რომლის თქმითაც, სოფელ დიცთან მავთულხლართების ინსტალაციის საკითხი არც პრეზიდენტთან და არც პაატა ზაქარეიშვილთან არ განუხილავს, ხოლო ეს ინფორმაცია პირველად ჟურნალისტებისგან შეიტყო, განაცხადა, რომ ამ თემაზე გიორგი მარგველაშვილთან აუცილებლად ისაუბრებს.

"ეს არის ის მოვლენები, რომლებზეც ჩვენ ვერ გავჩუმდებით და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. თუკი ეს დადასტურდა, ბუნებრივია, დავგმობთ ამას, თუმცა ნება მომეცით, ფრთხილი ვიყო იმ საკითხზე, რომელზეც ინფორმაციას არ ვფლობ", - აღნიშნა მინიონმა.