პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: „200-300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსებს ომი?!“

1-zaqaraსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი სოფელ დიცში და მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსები პოზიციებს იმყარებენ, „ავლებენ ხაზს იქ, სადაც მიაჩნიათ, რომ ტერიტორია დაიპყრეს“ და ამას, პირველ რიგში, ოსების წინააღმდეგ აკეთებენ.

„ოსები გადმოდიან 200-300 კილომეტრზე უფრო აქეთ, თბილისში, გორში, აქ ვაჭრობენ, მკურნალობენ, სწავლობენ, ანუ ოსებმა ტოტალურად დაიწყეს დანარჩენ საქართველოში სიარული. სწორედ ამის წინააღმდეგნი არიან რუსები”, -განაცხადა ზაქარეიშვილმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთს ერთმნიშვნელოვნად უნდა, ქართველები ემოციებში აიყოლიოს.

“300 მეტრით კი არ არის შემოსული რუსეთი, კილომეტრებით არის შემოსული 2008 წლის აგვისტოდან. ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ 200-300 მეტრზე და თქვენ გინდათ, 200-300 მეტრის გამო რუსეთს გამოვუცხადოთ ომი?! ისინი ავლებენ იქ ხაზს, სადაც მიაჩნიათ, რომ ტერიტორია დაიპყრეს. მათ უნდათ, საქართველოს ხელისუფლება ჩართონ მოლაპარაკებებში – სად გადის საზღვარი. ჩვენთვის ეს ყოვლად დაუშვებელია, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არანაირი საზღვარი არ გადის. იქ არის მხოლოდ გამყოფი ხაზები, ჩვენ არ ჩავერთვებით იმ თამაშში, რაც აწყობს რუსეთს”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.