რედაქტორისგან
„საქართველოში სათანადოდ ვერ აფასებენ ახალი ხელმძღვანელის - ბიძინა ივანიშვილის ფიგურას, და სულ ტყუილად!“ - სააგენტო “Новости – Азербайджан“-ის ინტერვიუ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ექსპერტთან, საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან

1-analit-red-gl-topბაქო, 27 მაისი, Новости-Азербайджан.
რომან ტემნიკოვი: ბატონო არნო, როგორ შეაფასებთ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს?
- საქართველოში ხელისუფლების გადაცემის და სამართლიანობის აღდგენის პროცესები მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე ყველა გარემოებითურთ. მაგრამ საქართველო მუდამ იყო და რჩება “კონტრასტების ქვეყნად“, ამიტომ მიმდინარე პროცესები, “ეროვნული ნადირობის“ თავისებურებებიდან გამომდინარე, არა რუტინულ, არამედ თქვენთვისაც, კავკასიაში უახლოესი მეზობლებისთვისაც კი, ესოდენ უჩვეულო ბობოქარ ხასიათს ატარებს.

- მაგრამ მთელი ძალაუფლება უკვე ახალი მთავრობის ხელშია, ხოლო სამართლიანობის აღდგენის პროცესი - მხედველობაში მაქვს წინა ხელისუფალთა დასჯა - სწორედ ყველაზე დიდ პრეტენზიებს იწვევს მოქალაქებში, რომლებმაც საქართველოს პროკურატურა ათასობით საჩივრით “წალეკეს“, განა ასე არ არის?

- არც მთლად ასეა. თბილისის მერი და დედაქალაქის მუნიციპალიტეტების ყველა ხელმძღვანელი წინა ხელისუფლების დანიშნულები და თავგამოდებული მომხრეები არიან, რომლებმაც ადმინისტრაციული, ზოგჯერ კი სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინეს. იგივე ითქმის პრეზიდენტის რწმუნებულებზე, საქართველოს რეგიონების ე.წ. გუბერნატორებზე.

“მოსამართლეები ვინღა არიან?“. მოსამართლეთა კორპუსი, ისევე როგორც ძალოვანი სტრუქტურების - პროკურატურის, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ძირითადი შემადგენლობა - ასევე “ნაცმოძრაობის“ დანიშნული ხალხით არის დაკომპლექტებული. პლუს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და აგულიანებს, ხელი არ ჩამოართვან პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, იმიტომ რომ ის - “რუსი ოლიგარქია, რომელიც საქართველოში კრემლმა გამოგზავნა, რათა საქართველო რუსეთის წიაღში დააბრუნოს“...

რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის “მობუქსავე“ პროცესს, ძალიან მინდა, რომ ქართველი ხალხი დღეს უფრო დარბაისელი იყოს, როგორც ჩვენი წინაპრები, და არა სულსწრაფი.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საქართველოში აშკარად სათანადოდ ვერ აფასებენ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელის - ბიძინა ივანიშვილის ფიგურას, და სულ ტყუილად! ყმაწვილი პროვინციიდან, ღარიბი მშრომელი ოჯახიდან, ყოველგვარი „ბლატების“ გარეშე გახდა მილიარდერი მისთვის უცხო უზარმაზარ რუსეთში, თანაც იმ ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში!

მაგრამ რუსეთის საქმიან წრეებში ივანიშვილისთვის შემთხვევით არ დაურქმევიათ “ანაკონდა“ - ის ზუსტად ირჩევს დროს დარტყმისთვის და თავის ოპონენტს ისე “ყლაპავს“, რომ რევანშის შანსაც არ უტოვებს.

ასე მოხდა საქართველოშიც სკანდალურ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომლებიც სწორედ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა 2012 წლის ოქტომბერში. ასე მოხდება ახლაც, მიმდინარე 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თუმცა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი მკვლელობების და დატაცების ყველა ხმაურიანი საქმე დიდი ხნის წინ გაიხსნა და საქაღალდეები, შეიძლება ითქვას, ივანიშვილს სეიფში უწყვია. მაგრამ ისინი პოლიტიკური საჭიროებისდა მიხედვით ამოტივტივდება, ხოლო ექს-პრემიერი მერაბიშვილის და ჯანდაცვის ექს-მინისტრ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება - კომპრომატების ახალი სერიის მხოლოდ დასაწყისია.

- რას გულისხმობთ საჭიროებაში?! თუ დანაშაულები გახსნილია, განა ორგანოები ვალდებული არ არიან, დამნაშავეები დააპატიმრონ და საქმეები მყისვე სასამართლოს გადასცენ?

- საჭიროებაში ვგულისხმობ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას: მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მხოლოდ წელიწადნახევრის წინ მოვიდა, ის გამოცდილი პროფესიონალივით მოქმედებს. ყველა ეს კომპრომატი წინა ხელისუფლებაზე - მისი კოზირებია, რომლებსაც ერთბაშად არ ხსნის, არამედ სათითაოდ პასუხობს დასავლეთიდან ყოველ მორიგ დარტყმას, რომლებიც სააკაშვილის წყალობით ატყდება თავს.

როგორც კი “ნაცმოძრაობის“ ლიდერები და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი “დასავლეთელი პარტნიორები“, მაგალითად, “ევროპის სახალხო პარტია“, პლუს მაღალანაზღაურებადი ლობისტები, ივანიშვილს მორიგ ბრალდებებს უყენებენ  - პრორუსულობაში, პოლიტიკურ დევნაში, ეკონომიკის დანგრევაში, წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების შელახვაში -  ივანიშვილი კონტრდარტყმას აკეთებს და მომაკვდინებელი კომპრომატებით და “ნივთმტკიცებებით“ პასუხობს.

კერძოდ, ივანიშვილი ამბობს: პრორუსული მე კი არა, სააკაშვილია, რომელმაც 08.08.08 ომი დაიწყო და მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ფაქტობრივად - საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას!

და ვის ვდევნით პოლიტიკური ნიშნით?! ისინი ხომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავეები და ხაზინის ქურდები არიან. აი, ინებეთ ფაქტები!

ამომრჩევლებიც მათ მოატყუეს და არა მე - რომელი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულეს 9 წლის განმავლობაში?!

სექსუალურ უცირესობათა უფლებების დაცვა ვცთ, როდესაც მართლმადიდებელმა უმრავლესობამ უკმაყოფილება გამოხატ ლგბტ-ს დემონსტრაიული პროპაგანდის გამო. დიახ, ჩვენ დავსჯით ძალის გამოყენებაში დამნაშავეებ, მაგრამ განა თქვენი ნაქები "რეფორმატორები" არ არღვევდნენ უმრვლესობის უფლებებს 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს, როცა მიტინგების სისხლიან დარბევებს აწყობდნენ, ქუჩებში ახალგაზრდებს ხოცავდნენ, პრემიერ-მინისტრი ჟვანია მოკლეს?! სააკაშვილის მმართველობის 9 წლის განმავლობაში გაჭედილი ციხეებით კი საქართველო მსოფლიოში - მეორე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობის მიხედვით! - პასუხობს ივანიშვილი ევროპას და აშშ-ს მათი მხრიდან ყოველ აღშფოთებულ გამოხდომაზე.

- ჟვანიას საქმეზე ივანიშვილმა თქვა, რომ ის მალე დასრულდება...

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ნურავის შეიყვანს შეცდომაში ივანიშვილის გარეგნული უბრალოება. მას შესანიშნავად ესმის, რომ თუ ყველა ბომბს ერთდროულად “ააფეთქებს“, შესაძლოა “ქართული ოცნების“ გემის “დენთის ტრიუმიც“ აფეთქდეს!

სხვათაშორის, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ “ნაციონალებმა“ საპასუხო სვლა გააკეთეს - ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნეს, სადაც ზოგიერთი მასაც და ერთმანეთსაც მეტად არასახარბიელო ტონით იხსენიებდა. ეს ჩანაწერები ნამდვილი იყო, ამიტომ ივანიშვილმა კარგად იცის საკუთარ გუნდში თითოეულის ჭეშმარიტი ფასი, თუმცა ამაზე ჯერჯერობით თვალს ხუჭავს და მათ საქმის ინტერესებისთვის იყენებს - “გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან“.

რაც შეეხება ჟვანიას, დიახ, ის პირადმა მცველებმა მოკლეს, რომლებიც შემდეგ დააჯილდოვეს და თბილისის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებად დანიშნეს, რომლებიც დასაწყისში ვახსენე. მოკლეს სააკაშვილის გულისთვის, საქართველოში ეს ყველამ იცის. ობიექტის სიკვდილში ყოველთვის მისი პირადი დაცვაა დამნაშავე - ეს სპეცსამსახურების კლასიკაა, რომელიც ინტერპრეტაციებს ვერ ეგუება. ეს სააკაშვილმაც კარგად იცის, ამიტომ, როგორც კი ივანიშვილის დაცვის უფროსი სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს, მან, მოკვლის შიშით, ბაქოში ბოლო ვიზიტის წინ თქვენთვის ცნობილი ცირკი მოაწყო და დაცვაზე უარი თქვა! სააკაშვილმა, რომელიც ყველაზე საკუთარი თავის მიხედვით მსჯელობს, თავისი ჭკუით, ამგვარად “პრევენციული ზომები“ მიიღო.

- თქვენ 17 მაისის ლგბტ აქცია ახსენეთ და განმარტეთ ის, როგორც წინა ხელისუფლების პროვოკაცია ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის თვალში მისი დისკრედიტაციის მიზნით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სექსუალური უმცირესობები არსებობენ და ამას ვერსად წავუვალთ. როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება?

- დიახ, ეს სააკაშვილის და დასავლეთის გარკვეული წრეების ერთობლივი პროვოკაცია იყო ივანიშვილის მთავრობის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ძალები ბოლო 10 წელია, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან და საქართველოში სოროსის გამოჩენის შემდეგ საქართველოში მილიარდობით დოლარსა და ევროგრანტს “ტუმბავდნენ“ და არასამთავრობოების ერთგვარი კლასი შექმნეს, რათა “ქართული კოდი“ გაენადგურებინათ და საქართველოს საბოლოო გლობალიზაცია მოეხდინათ. ეს მათ თითქმის მოახერხეს, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლდაკარგულ სააკაშვილს და მის გარემოცვას მეტისმეტი მოუვიდათ და თავისსავე განაჩენს მოაწერეს ხელი, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად დევნისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე თავდასხმებისა, სახელმწიფოში უმაღლეს ავტორიტეტად - ეროვნული სულიერი და კულტურული ფასეულობების მცველად დარჩა.

მართალი ბრძანდებით, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები იყვნენ, არიან და იქნებიან, თანაც არა მარტო საქართველოში, არამედ თქვენთანაც, აზერბაიჯანში. მოდით, გადავხედოთ საქართველოს ყველა მეზობელს და ვთქვათ: განა შეიძლება წარმოვიდგინოთ გეი-აღლუმი ბაქოს, ერევნის, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების, მოსკოვის ან ანკარის ცენტრალურ პროსპექტზე?! მაშ თბილისში ეს  რატომ უნდა მოხდეს? ნუთუ ეს - ევროკავშირში შესვლის ფასია? იქნებ ამიტომაც არ იღებენ ევროკავშირში თურქეთს?!

ადრე საქართველოში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არასოდეს გაჰყვიროდნენ ამის შესახებ, ქუჩაში პლაკატებით არ დადიოდნენ, არ ამაყობდნენ თავიანთი “განსაკუთრებულობით“, და ყოველთვის პატივსა და სიმშვიდეში ცხოვრობდნენ. მათ შორის ბევრი ცნობილი მოღვაწე იყო, რომლებმაც საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი - მარტო ბალეტის გენიალური მოცეკვავე ჭაბუკიანი ან დიდი ფარაჯანოვი რად ღირს! ამავე ორიენტაციის გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს, მსახიობებს, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს და კალმის დიდოსტატებს ახლა აღარ დავასახელებ.

მაგრამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ზოგიერთ ახალგაზრდას საკუთარ ბარებში წვეულებებზე გართობა, “გლამურული“ გამოფენების, “ქასთინგების“, “დეფილეების“ და “ფეშენ ვიკების“ მოწყობა საკმარისად არ მოეჩვენა. მით უმეტეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობისთვის“ გადმორიცხულ ვალუტას გამომუშავება უნდა...

დიახ, გათვლა სწორად გაკეთდა: “ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თანაც “გამოსაცდელ ვადას“ გადის დასავლეთის ფხიზელი მზერის ქვეშ, ამიტომ პოლიცია ჩვენთვის საშიში არ არის, პროვოკაციაზე უნდა გამოვიწვიოთ ჩვეულებრივი მოქალაქეები, მრევლი, და რაც მეტი მოგვხვდება - მით უკეთესი!“ - ფიქრობდნენ ლგბტ პირები. და თავიანთ მიზანს ბოლომდე მიაღწევდნენ, რომ არა ქართული პოლიცია,  რომელმაც იარაღის და ნიღბების გარეშე, საკუთარი სხეულებით დაიფარა ისინი ათიათასობით გააფთრებული მოქალაქისგან...

მაგრამ მათი გაგება შეიძლება - ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ტრადიციული რელიგიების ქვეყნებში დაუშვებელია და ნარკომანიის პროპაგანდის ტოლფასია, მით უმეტეს - დედაქალაქის შუაგულში, მით უმეტეს - დანაწევრებულ საქართველოში, სადაც კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა და ნარკომანიის მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს - ერის მამის - კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის თხოვნის მიუხედავად, რომ არ გაეკეთებინათ ეს გლოვის საყოველთაო დღის შემდეგ - იქ, სადაც წინა საღამოს ეკლესიაში ესვენა ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის ცხედრები...

სამწუხაროა ისიც, რომ კონტრაქციის სრულიად გამოუცდელმა ორგანიზატორებმა შესაძლო შედეგები ბოლომდე ვერ გათვალეს, დღეს ხომ უკვე ლგბტ-ს კი არა, მათ უწოდებენ პროვოკატორებს, უცხო ქვეყნის დავალებების შემსრულებლებს, და ისევ რუსეთზე მიანიშნებენ, რომლის მიმართაც თითქოს პატრიარქი ილია მეორე განსაკუთრებულ პიეტეტს განიცდის.

- რას ურჩევდით აზერბაიჯანს, საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით?

- ყოველივე ჩემ მიერ თქმულის გათვალისწინებით, მოძმე აზერბაიჯანს უნიკალური შესაძლებლობა აქვს - საქართველოს საგარეო და შიდაპოლიტიკურ შეცდომებზე ისწავლოს. მით უმეტეს, რომ გარკვეულ ლიბერალურ-დესტრუქციულ ძალებს აქტიურად გადააქვთ ყურადღება აზერბაიჯანზე.