პუბლიკაციები
ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში და დემოკრატიული რეფორმების მტკივნეული გზა

1-analit-A1-adamianiსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. გასულ პარასკევს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალყურს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ლგბტ აქტივისტების მცირერიცხოვან თავყრილობას 20000-კაციანი საპროტესტო მსვლელობა დაუხვდა, რის გამოც სამართალდამცავები იძულებული გახდნენ გაერიდებინათ ისინი დაპირისპირების ადგილიდან. გარდა იმისა, რომ ამ ძალადობრივმა დაპირისპირებამ ცხადყო წინააღმდეგობა, რომელიც საქართველოს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის არსებობს, მან ისიც დაგვანახა, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ცვლილებები. ქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის უეკლო არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ უღალატებს თავის დაპირებას და უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვას.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შეძრწუნებული ვარ 17 მაისს მომხდარი მოვლენების გამო. ეს იყო უხამსობა, რომელიც არ შეშვენის შემწყნარებლობის ეროვნულ და ქრისტიანულ ტრადიციებს საქართველოში. დემონსტრაციების ზოგიერთი მონაწილის მიერ ჩადენილ ძალადობას, პოლიციელთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ჩათვლით, ვერაფერი გაამართლებს. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი და მიმდინარეობს გამოძიება ყველა დამნაშავის სამართალში მიცემის უზრუნველსაყოფად. იყო სასულიერო პირი, – ეს არ არის ალიბი. დაისჯება ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშაული, დაარღვია კანონი, მოუწოდა ძალადობისაკენ ან მიიღო მასში მონაწილეობა.

მადლობას მოვახსენებ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ საქმეში მხარდაჭერისთვის, მათ შორის -- თომას ჰამარბერგს (ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს), რომელიც იმყოფება საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების შესაფასებლად და რეკომენდაციებს უწევს ხელისუფლებას მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ განვახორციელოთ აუცილებელი რეფორმები ევროკავშირისა და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.

მართლაც, გასული კვირის მოვლენები იყო საქართველოში მიმდინარე ცვლილებების ნიშანი, რამაც არა მხოლოდ  აღშფოთება გამოიწვია, არამედ ახალი საქართველოს მომასწავებელიც გახდა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულმა წრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს იმას, რომ მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერდი ყველა უმცირესობის თანასწორუფლებიანობას, სექსუალური უმცირესობების ჩათვლით. თუმცა, მე ისიც განვაცხადე, რომ საზოგადოება ნელ-ნელა შეეჩვევა ამ ახალ რეალობას, რომელიც ყველას თანასწორობას გულისხმობს. ეს არ არის ქვეყნისთვის უკან  გადადგმული ნაბიჯი, ეს ქვეყანაში ათეულობით წლების პოლიტიკური რეპრესიების შედეგია, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში მტკივნეულად მიდის დემოკრატიული რეფორმები.

საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს დაუთმობს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. საქართველოს კონსტიტუცია  ამ უფლებას ანიჭებს საქართველოს ყველა მოქალაქეს – განურჩევლად, ხოლო ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თანასწორობის რომელიც მზადდება და რომლის მიზანიცაა დისკრიმინაციასთან გამკლავება. კანონის მიღების შემთხვევაში კი, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ მისი მყისიერი და ეფექტიანი განხორციელებისათვის.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას გამართული დემონსტრაციები ადასტურებს ახალგაზრდა დემოკრატიის არსებობას საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ იმართება არა როგორც პოლიციური სახელმწიფო, არამედ როგორც სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დაცვას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური აზრის გამოხატვა ისე ხელშეწყობილი, როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, და ეს ხდება საპარლამენტო და სამთავრობო არხებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეს არხები და უკეთესად დავიცვათ ყველა უმცირესობის პოზიცია.

გარდა ამისა, პოლიციის როლი გადამწყვეტია საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის საქმეში. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი პოლიციელების გამბედაობით, პროფესიონალიზმითა და იმ ჯანსაღი დამოკიდებულებით, რომელიც მათ გამოამჟღავნეს 17 მაისს უკიდურესად დაძაბულ და მათ მიმართ აშკარად მტრულ ვითარებაში. ათასობით მძვინვარე დემონსტრანტის გარემოცვაში, რომელთა რაოდენობაც ბევრად აღემატებოდა პოლიციელთა რიცხვს, მათ მიიღეს ლგტბ საზოგადოების მცირერიცხოვანი აქციის მხარდამჭერთა ევაკუაციის გონივრული გადაწყვეტილება და ამით თავიდან იქნა აცილებული გაცილებით მეტი ზიანი.

დემოკრატია საქართველოში დღეს აღარ არის ფასადური. საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს ჩვენი ხელისუფლება, რადგან მათ ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრება სურთ. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა ბევრი რეფორმის განხორციელება, რაც არც ისე იოლი იქნება და, შეიძლება, არც - პოპულარული. მაგრამ  მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და მრჩევლების მხარდაჭერის იმედი ამ ცვლილებების განხორციელების საქმეში და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის ევროპული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის ერთგული იქნებიან.

http://euobserver.com/opinion/120252