პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მავთულხლართების გავლების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

1-dici-mavtulaxlartსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ოკუპაციური ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფ. დიცისა და სოფ. დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის, და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რათა მათ მოახდინონ სათანადო რეაგირება ზემოხსენებულ უკანონო ფაქტებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.