პოლიტიკა
საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. სოფელ დიცთან და სოფელ დვანთან რუსმა სამხედროებმა საზღვარი გადმოსწიეს.
შიდა ქართლის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს დილიდან რეგიონის რამდენიმე სოფელში რუსი სამხედროები ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ მავთულხლართებს აბამდნენ და საზღვარი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწიეს.შს სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, „შსს ადასტურებს სოფელ დიცის ტერიტორიაზე მავთულხლართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვრეების მხრიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციაა ის, რომ ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან“.
„ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის 31 მაისის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფაგლებშიც. სამინისტრო ყოველ ღონეს ხმარობს იმასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პატრნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.