სამართალი
გენერალ თამაზაშვილის დაკავების მონაწილე პოლიციელებს აღმკვეთ ღონისძიებას, სავარაუდოდ, დღეს შეუფარდებენ

1-generali-tamazსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. პოლიციის გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილ სამართალდამცველებს: გოჩა ბაღათრიშვილს, გოჩა ჩიტაიას, ზაზა ჭაიას, გრიგოლ კვინიკაძეს, ვლადიმერ გამრეკლიშვილსა და გივი გრავჩენკოს აღმკვეთ ღონისძიებას, სავარაუდოდ, დღეს შეუფარდებენ. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი წაუყენეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

დაკავებულები პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და ადვოკატებისთვისაც უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა მათ საქმეზე. თუმცა, ადვოკატ ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, სასამართლოსთვის მიმართვის ვადა პროკურატურას ხვალ შუადღემდე აქვს.

დაკავებული პოლიციელები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.  მათ დაკავებას აპროტესტებენ მოძრაობა „პატრიოტების“ წარმომადგენლები, რომლებიც საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ. მათი განცხადებით, კვლავ გრძელდება დემოკრატიის გასამართლება და ხელისუფლება ცდილობს აღადგინოს სსრკ რეჟიმი, რომლის მთავარი ფუნდამენტი იყო ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შელახვა.

პროკურატურის განცხადებით, „გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი".