აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: “ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოუწია არსებობამ საბჭოთა იმპერიაში, ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, და ასეთი ტერორის პირობებშიც კი ქართველმა ხალხმა მაინც შეინარჩუნა და გადაარჩინა დამოუკიდებლობის იდეა“

1-akt-dge-mtსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 2013 წლის 26 მაისს, თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ჩემო თანამოქალაქეებო!
გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ  დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გილოცავთ ყველას,  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

95 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ჩვენი წინაპრების ოცნება ახდა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,  ეს არის მრავალი თაობის მონაპოვარი - 26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია.

დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ქართველი ხალხის თავგანწირვას და  საქართველოს  სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სახელმწიფოს პოლიტიკურ ფორმად კი დემოკრატიული რესპუბლიკა აირჩია.

დემოკრატიული მმართველობა, ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესი -  ეს აირჩიეს ჩვენმა წინაპრებმა, თუმცა ამ არჩევანის გამო ჩვენი ქვეყანა მალევე დასაჯა წითელმა არმიამ.

მას შემდეგ საქართველომ უმძიმესი გზა გამოიარა. ათწლეულების განმავლობაში მას მოუწია არსებობამ საბჭოთა იმპერიაში, ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, და ასეთი ტერორის პირობებშიც კი ქართველმა ხალხმა მაინც შეინარჩუნა და გადაარჩინა დამოუკიდებლობის იდეა და მრავალი ათეული წლის შემდეგ, 1991 წელს,  საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

დამოუკიდებლობის იდეა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას. სწორედ ამ ქვაკუთხედზე უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, იმისათვის, რომ გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული, სრულფასოვანი წევრი. ეს  არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა.

ჩვენ ვალდებული ვართ, საქართველო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს, ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ.

ჩვენ  უნდა ვისწავლოთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება. ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არა გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ – ხელისუფლებამაც და ხალხმაც.

დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება,  მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია - ეს ის საკითხებია, რომლებიც  საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია, ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევები.

და ჩვენ ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, თორემ, სხვანაირად, უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს, ძალადობა - ახალ ძალადობას, და აღარ დამთავრდება ქიშპი და ანგარიშსწორება, ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება.

ჩვენ, ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ერსა და ბერს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საქვეყნო საქმეში ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ხელისუფლებას ძალიან დიდი ტვირთი აწევს - მან უნდა უხელმძღვანელოს ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების პროცესს. ამ პროცესში კი უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მონაწილეობა. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვჯერა თქვენი შესაძლებლობების. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი თქვენი მხარდაჭერის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაგვეხმარებით, ისე გავიაროთ ეს ურთულესი ეტაპი, რომ არ დავუშვათ არსებითი შეცდომები.

პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება.

ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ–წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია.

ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს–ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ,  გაუაზრებელ მიმბაძველობას.

ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და  ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ერთად უნდა ავაშენოთ საერთო სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, რომელთა გმირობა და თავგანწირვა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვას ემსახურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავლის შენების პროცესში თავისი როლი შეასრულონ უმცირესობების, ყველა ეროვნების, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა.

ჩვენ, ყველას, გვაერთიანებს საერთო მიზანი, და ეს არის დემოკრატიული საქართველო. ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც პატივს სცემენ ადამიანის არჩევანს, სადაც მოქმედებს სამართლიანი კანონები და ამ კანონებს ემორჩილებიან, სადაც სასამართლოს განაჩენი მიუკერძოებელია, სადაც ბიზნესი თავისუფალია.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჩვენს ხალხს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ქვეყანას დასჭირდა თავისი შვილებისგან. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო. ამას კი მოქალაქეობრივი პასუხისმგელობის განცდით ცხოვრება სჭირდება.

გისურვებთ ყველას მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, კეთილდღეობას. გისურვებთ, ყოველთვის გეამაყებოდეთ დამოუკიდებელ,  დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება! წარმატებებს გისურვებთ ყველას!“

1-akt-dge-1 1-akt-dge-2