საზოგადოება
ბრიჯიტ ბრინკი: „ლგბტ პირების მიმართ ძალადობას ამერიკის შეერთებული შტატები გმობს!"

1-brinki-elchiსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ჩვენ განვიხილეთ 17 მაისის მოვლენები და, რასაკვირველია, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება. პრემიერ-მინისტრმა ჩვენგან მოისმინა უფრო მეტად კომენტარები, ვიდრე შეკითხვები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ბიძინა ივანიშვილსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო თავს გაართმევს ყველა ამ საკითხს. ჩვენ ასევე წამოვჭერით საკითხი იმ მოვლენების შესახებ, ომლები განვითარდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ადამიანს თავს დაესხნენ და ზოგადად სიძულვილის შესახებ, რომლისგანაც ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ", - აღნიშნა დიმიტროვმა.

17 მაისს რუსთაველზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმაც.

„ვაფასებ პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატივას და იმ განცხადებას, რაც მან პარასკევს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გააკეთა. მივესალმები იმ დაპირებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოგვცა, რაც გამოძიების ჩატარებას და ყველა მოძალადის დასჯას გულისხმობს. ლგბტ პირების მიმართ ძალადობას ამერიკის შეერთებული შტატები გმობს. რაც შეეხება მთავრობის ყოფილი წევრების დაკავებას და ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ბრალის წაყენებას, ამ საკითხს საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას და უდანაშაულობის პრეზუმფციის საფუძველზე სრულფასოვანი მართლმსაჯულების ჩატარებას, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მხარდამჭერებად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში. რაც შეეხება დღეს საღამოს დაგეგმილ აქციებს, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება იყოს გარანტირებული. ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს კონსტიტუციის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - აღნიშნა მან.