აქტუალური
ხუბუტია - ივანიშვილს: „პატივცემულო ბიძინა! ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ რუსეთში ქართველთა კავშირი არც კი მიუწვევიათ საქართველოში ყოველწლიურ კონფერენციაზე? სააკაშვილიც კი ამყარებდა ხიდებს უცხოეთში მყოფ წარმატებულ ქართველებთან“

1-aqtualur-1-xubსაქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, სადაც წერს:
პატივცემულო ბიძინა!
მოხარული ვარ, რომ გამონახეთ თუნდაც დრო ჩემი წინა წერილის წასაკითხად, თუმცა ჩვენ პასუხის მიღების იმედი გვქონდა.
მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთელი სულით ვუჭერ მხარს თქვენს წამოწყებებს იმ რეჟიმის დასამხობად, რომლის ზეწოლას განიცდიდა ჩვენი საქართველო ბოლო წლებში. გულწრფელად მადლიერი ვარ თქვენი იმისათვის, რომ ახლა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის ქართული წარმოშობის პირებს შეუძლიათ სამშობლოს თავისუფლად და ყოველგვარი შიშის გარეშე მონახულება. ეს უდიდესი მიღწევა და თქვენი უდავო დამსახურებაა.

ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ რუსეთში ქართველთა კავშირის - მსოფლიოში უმსხვილესი ქართული დიასპორალური ორგანიზაციის წარმომადგენლებს - არც კი მიუღიათ მიწვევა საქართველოში დაგეგმილ ყოველწლიურ კონფერენციაზე? რომელიც ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში ტარდება და არც ამ საზეიმო ღონისძიებებისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელზეც მიწვეულია მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ჩემი სიამაყე - ჩვენი კავშირის სტიპენდიანტი, პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე! როგორც ადამიანს, რომელსაც ხშირი კონტაქტი აქვს მაღალი თანამდებობის პირებთან, მშვენივრად მესმის, რომ ეს პრემიერის მრავალრიცხოვანი, თუმცა არცთუ ყველაზე ეფექტური გარემოცვის ბრალია. ეს ძალზე ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც ბიუროკრატები დაინტერესებულები არიან არა მუშაობის დადებით შედეგში, არამედ დემონსტრირებაში, უფრო სწორად, აქტიური საქმიანობის იმიტირებაში. როგორც ჩანს, სწორედ ამას უკავშირდება თქვენი დუმილი.

ჩვენთვის ეს ახალი არ არის. ზუსტად ასევე ექცეოდა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს წინა ხელისუფლებაც. ალბათ, ამ საკითხში მემკვიდრეობითობა შეიმჩნევა. გულახდილად რომ ვთქვა, მეც და ჩემს თანამოაზრეებსაც ეს ძალიან გვაკვირვებს. თქვენ მისაბაძ მაგალითად სომხეთი მოგყავთ, რომლის მკვიდრნი აქტიურად უჭერენ მხარს ისტორიულ სამშობლოს. უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილიც კი მისი პრეზიდენტობის დასაწყისში აქტიურად ამყარებდა ხიდებს უცხოეთში მყოფ წარმატებულ ქართველებთან.

დარწმუნებული ვარ. რომ ჩემს ისტორიულ სამშობლოს ესაჭიროება ისეთი ხალხი, როგორიც ვარ მე და სხვანი, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის სასარგებლოდ ქველმოქმედებით ვართ დაკავებული. მე საქართველოსგან არაფერი მინდა, მხოლოდ შესაძლებლობა, მიყვარდეს ჩემი სამშობლო და დავეხმარო! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყველაფერ კარგისთვის, რაც ჩვენი საქართველოსთვის გააკეთეთ და გისურვებთ ყოველმხრივ წარმატებებს  ამ რთულ და ძალიან ცბიერ გზაზე.

მაქვს პატივი,
რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი
მიხეილ ხუბუტია"