სამართალი
საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ხვალ, 24 მაისს, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დედაენის ბაღში გამართავენ აქციას ლოზუნგით: „არა - თეოკრატიას!“.
იმავე დღეს ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტი“ ჩაატარებს აქციას მოთხოვნით: „აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!“.“ეროვნული ფრონტის“ განცხადებით, მათ მიაჩნიათ, რომ 17 მაისს „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელი ფასეულობების და ღირებულებების ძალადობრივად თავს მოხვევის მცდელობას წარმოადგენდა.
„17 მაისს ქართულმა საზოგადოებამ დააფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ლგბტ ღირებულებების პროპაგანდის მიმართ. ამ დღეს გამოვიდა ერიც და 17 მაისს ქართველმა ერმა და საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვეს მამა-პაპათა ტრადიციული ფასეულობები და მორალურ-ზნეობრივი იდეალები... კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების სულისკვეთება და საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფის მიზნით უახლოეს პერიოდში მიიღოს კანონი ლგბტ ფასეულობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“, – ნათქვამია „ეროვნული ფრონტის“ განცხადებაში.