პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

georgia-natoსაქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ბრიუსელში ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხდომის მიზანი იყო ზაფხულში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მომზადება.

ვიზიტის წინ მოკავშირეებმა ქართულ მხარესთან ერთად რუსეთ–საქართველოს ურთიერთობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს.

სხდომაზე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა, ქართულ მხარეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარმოადგენდნენ, რომელმაც ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული დინამიკა გააცნო და, ასევე, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ახალი მიდგომების შესახებ ილაპარაკა.

თავის მხრივ, მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მათ ასევე გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა.