საზოგადოება
ქუთაისში ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს

aqcia-kutaisiსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებისა და რამდენიმე დღის წინ სპორტის სასახლეში დაფუძნებული სახალხო მოძრაობის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნაა - ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა.

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ეზოში 26 მაისის აქციის დარბევის ფოტოები მიიტანეს და სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვენ. აქციას ახალგაზრდების ჯგუფიც შეუერთდა, რომლებიც სასამართლოს ეზოში ცოცხებით მივიდნენ.„ვითხოვთ სამართლიანობას. ქვეყანაში უნდა აღდგეს სამართლიანობა და საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს ამის განცდა. ამ ფორმით სასამართლოს ვეუბნებით, რომ თავი უნდა დაანებოს მორჩილებას და აღასრულოს კანონი,“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ უკვე შეიტანა შუამდგომლობა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შესახებ.

პარალელურად იმართება კიდევ ერთი - დაკავებულთა მხარდამჭერთა აქცია, რომლებიც დაკავების იზოლატორთან არიან შეკრებილი.

სასამართლოსთან, სადაც დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს, აქციის ერთ-ერთ მონაწილესა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, სასამართლო შენობასთან სამართალდამცველთა რაოდენობა გაიზარდა და ტერიტორიის დაცვა გაძლიერდა.