საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რვა ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით ბაქრაძეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე მოლაპარაკების ფორმატის უმოკლეს ვადებში შემუშავებას სთავაზობს.
ოპოზიცია ხაზს უსვამს ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის აუცილებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
„რვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ შევიმუშავეთ წინადადებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე და გამოვთქვით მზაობა, დაგვეწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან როგორც წარმოდგენილ წინადადებებზე, ისე ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვისათვის მზაობა გამოხატა. ამ პროცესში მონაწილეობისათვის მზადყოფნა დაადასტურეს საპარლამენტო პარტიებმაც.
ცნობისთვის: საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მომზადებულ სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობდნენ „ეროვნული ფორუმი“, „ახალი მემარჯვენეები“, „საქართველოს გზა“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“.