სამართალი
მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს

vano-zuraსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა, - ამის შესახებ იმერეთის სამხარეო პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კომპლექსურ ღონისძიებებს ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აწარმოებდა.

პირველი ეპიზოდი შეეხება ივანე მერაბიშვილის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე განხორციელებულ თვალთმაქცურ მოქმედებებს. კერძოდ, მერაბიშვილმა მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ფარული დაფინანსების მიზნით, დაგეგმა და განახორციელა ქმედებები, რომელთა შედეგად უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს. ისინი შტატგარეშე  თანამშრომლებად  გააფორმეს, მაგრამ სინამდვილეში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო აგიტაციის წარმოებისთვის. პროკურორის თქმით, ამ ქმედებით მერაბიშვილმა სახელმწიფოს 5 მილიონ 200 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.

მეორე ეპიზოდში გამოძიება მერაბიშვილს დაბა კვარიათში კერძო პირის საცხოვრებელი სახლის უკანონოდ მითვისებაში ედავება, რომელიც მას "დასასვენებლად" მოეწონა.პროკურორის თქმით, მერაბიშვილმა აღნიშნული სახლი შსს-ის ფარული ბიუჯეტით გაარემონტა, რითაც ბიუჯეტმა 158 ათასი ლარის ზარალი განიცადა.

“გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასკვნისთვის, რომ მერაბიშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის პრიმა, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.