პოლიტიკა
თომას ჰამარბერგი: „17 მაისის მოვლენებში გამარჯვებული არავინ დარჩა“

hamerbergi-pressსაქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა საქართველოში თომას ჰამარბერგმა 17 მაისის მოვლენები შეაფასა და  განაცხადა, რომ გულდასაწყვეტია მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლა მეორე ჯგუფის მიერ, რადგან ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთან, მან გამოთქვა იმედი, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ეფექტიანი იქნება. „გულდასაწყვეტი იყო მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლის ფაქტი. ერთი ჯგუფის მოქალაქეებმა ვერ ისარგებლეს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლებით. 17 მაისის მოვლენებში არავინ დარჩა გამარჯვებული. ყველა მხარემ წააგო. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადება მოვლენებთან დაკავშირებით გაბედული და პრინციპული იყო. მისასალმებელია, ასევე, ის ფაქტი, რომ ძალადობა პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პარტიამ დაგმო. იმედია, ნაბიჯები, რომლებიც მომავალში გადაიდგმება, არ გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში“, - განაცხადა ჰამარბერგმა და დასძინა, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის ევროპას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხსენებულ ნეგატიური მოვლენასთან ერთად, საქართველოში არის პოზიტიური სიგნალებიც. მაგალითად, შრომის კოდექსთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსია და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების კუთხით მიმდინარე პროცესები.