სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი 24 მაისამდე უნდა დაინიშნოს
საქართველო, 21 მაისი,
საქინფორმი. საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი უახლოეს დღეებში უნდა დაინიშნოს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ წევრს პრეზიდენტის თანხმობით, ორი კვირის ვადაში ნიშნავს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ დავით კირვალიძემ თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება 2 მაისს დაწერა, ხოლო მისი გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულება 10 მაისით თარიღდება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი 24 მაისისთვის დანიშნული უნდა ჰყავდეს.