საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. სანკტ-ბეტერბურგში ლგბტ-აქტივისტების მიერ ორგანიზებული მიტინგი მარსის მოედანზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში მიმდინარეობდა. პეტერბურგი ერთადერთი ქალაქია, სადაც აღნიშნული მიზეზით რაიმე ღონისძიების მოწყობის ნებართვა გაიცა.
მარსის მოედანზე რამდენიმე უცნობმა პირმა ლგბტ-აქტივისტებს ფაიერები სტყორცნა.მოედანზე გამოჩნდა დეპუტატი ვიტალი მილონოვიც, რომელიც „ჰომოსექსუალიზმისა და პედოფილიის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ სკანდალურად ცნობილი კანონის ავტორია. ღონისძიების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე იგი შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: „ლგბტ-ს ყველა წევრი სოდომისტია. ყველა, ვინც მათ იცავს - სახელმწიფოსა და ხალხის მტერი!“
მოსკოვი გეებს საშიშროებად მიიჩნევს
მოსკოვში, როგორც ცნობილია, გეი-აღლუმის ან მსვლელობის მოწყობის არაერთი მცდელობა იყო, თუმცა ისინი მარცხით დასრულდა. მოსკოვის მერიამ ოფიციალური უარით უპასუხა ორი აქციის გამართვის თხოვნას, რომლითაც ქალაქის ხელისუფლებას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა მიმართეს. ლაპარაკია გეი-აღლუმის მოწყობაზე 25 მაისსა და პიკეტის მოწყობაზე - 26 მაისს.
„რუსეთის კანონმდებლობით, ჩვენ მკაფიოდ და თანმიმდევრულად უნდა ვიმუშაოთ ზნეობრიობის დაცვაზე და ორიენტირებული ვიყოთ პატრიოტიზმის გაღვივებაზე ახალგაზრდა თაობაში, და არა რაღაც გაუგებარი მისწრაფებების წაქეზებაზე“, - განაცხადა მოსკოვის მერიის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი მაიოროვმა.