საზოგადოება
მოქალაქეთა ჯგუფის მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს

aqcia-17საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. მიმართვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ამ დროისთვის  მას ხელს 1249 ადამიანი აწერს.

„2013 წლის 17 მაისს განხორციელდა ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებული აქციის დარბევა აგრესიული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები. მათ საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით მოახდინეს უმცირესობაში მყოფ ადამიანთა მშვიდობიანი ჯგუფის დევნა. ეს გახლდათ გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი“, - ნათქვამია აღნიშნულ მიმართვაში, რომლის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ „ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი – ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს”.