რელიგია
მეუფე იაკობი: „მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცუდ რაღაცას გადაგვარჩინა!“

iakobiსაქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი. მისი განცხადებით, აქციაზე სამწუხარო შემთხვევებიც მოხდა და სამღვდელოების იმ წარმომადგენელთა მიმართ, რომლებსაც გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს.

ამ ქადაგებით მეუფე იაკობმა გუშინ სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს მიმართა და ბრძანა, რომ 17 მაისს ერს დაუდგა არჩევანი, რადგან ცოდვას ეკლესია ვერ შეურიგდება.

"ჩვენ ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩავდივართ, მაგრამ სინანულის გრძნობით შეგვიძლია, კვლავ დავუბრუნდეთ უფალს. არავის უნდა ვახვევდეთ თავს ჩვენი ცხოვრების წესს. თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანი და ერთმანეთის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ ეკლესიისგან და ქართველი ერისგან სხვანაირი საქციელი მიუღებელი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცუდ რაღაცას გადაგვარჩინა. როდესაც ერის მამა – პატრიარქი მოგიწოდებს, როდესაც არის საშუალება, რომ აირიდო განსაცდელი, უნდა ისარგებლო მარტივი გამოსავლით... რამდენიმე ათეულ კაცს იმ მომენტში შეეძლო დაეთმო, გადასულიყო სხვაგან და საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამაც იყოჩაღა. მათ ის ადამიანები გაარიდეს და პოლიცია და მამები ერთად ეხმარებოდნენ გასვლაში, თუმცა, მოხდა სამწუხარო შემთხვევებიც. როდესაც ამდენი ადამიანია, იქ ძნელია მარტო ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ", - ბრძანა მეუფემ.