პოლიტიკა
„სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს!“ – თბილისში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა

analit-rejim-mtსაქართველო,  20 მაისი, საქინფორმი. 2013 წლის 19 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ორგანიზებით თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა, რომლის დევიზია „სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს!“.

მოძრაობის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარება, წინა ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლების გასამართლება და ამ მიზნით რამდენიმე კომისიის შექმნა.

სპორტის სასახლეში რამდენიმე ათასი ადამიანი იყო თავმოყრილი, შეხვედრას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრებიც - საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები (კობა დავითაშვილი, „ხალხის პარტიის“ ლიდერი და სხვ.), არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები (პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პარტია „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა, “ ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები იოსებ შატბერაშვილი და კახაბერ ძაგანია და სხვ.),  ექსპერტები და ჟურნალისტები.

ღონისძიებას უძღვებოდა  მსახიობი, სოხუმის თეატრის ყოფილი მმართველი დიმიტრი ჯაიანი.

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ყრილობის მონაწილეებმა პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. მოგვიანებით საგანგებოდ დამონტაჟებულ ეკრანზე რამდენიმე ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა, სადაც პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირები საკუთარ ამბავს ყვებიან. გარდა ამისა, ნაჩვენები იყო 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის დარბევის კადრები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, დიდი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი, მსახიობი და „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე, პოლიტიკური დევნილი ბესიკ მარგიანი, ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ორგანიზაცია „ხალხი – ხალხისათვის“ ხელმძღვანელი ვილიამ ვანდერვაიდი, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

საქინფომის კორესპონდენტი, რომელიც  სპორტის სასახლეში მუშაობდა, გაესაუბრა ყრილობის მთავარ ორგანიზატორს - არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეს და ბუტა რობაქიძის დედას - ქალბატონ ია მეტრეველს.

ნანა კაკაბაძე: „იქმნება სამოქალაქო კომისია, რომელშიც ყველა დაზარალებულ ჯგუფს ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი. კომისია ითანამშრომლებს როგორც პარლამენტთან, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. კომისია საკანონმდებლო ორგანოს 9-წლიანი რეჟიმის სამართლებრივ შეფასებაში დაეხმარება, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაწვდის რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ 9-წლიანი რეჟიმის მოქმედების შედეგად დაგროვილი პრობლემების გამოსწორება. ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ამ დარბაზშია, აქვს საშუალება გაწევრიანდეს მოძრაობაში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესებში“.

ია მეტრეველი: „საქართველოში ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს ხალხზე მოძალადე ძალა. აქ მყოფი ადამიანები ზღვაში წვეთია იმათთან შედარებით, ვის თავზე წისქვილის ქვაც კი დაატრიალეს სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა ბანდამ. რამდენიმე წელი ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდ. თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული – ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით მოვახერხეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება – ჩვენ დავამარცხეთ ძალა, რომლისთვისაც არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, მისი ღირსება და პატივი. ჩვენ გადავრჩით, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე პირები, როგორც ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, კვლავ იკავებენ მაღალ თანამდებობებს და მიზანმიმართულად მოქმედებენ. ეს არ უნდა დავუშვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს!“

შეხვედრამ 3 საათზე მეტ ხანს გასტანა. ყრილობის დასასრულ მიღებულ იქნა სპეციალური რეზოლუცია, რომლითაც ყრილობის მონაწილეებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცემს მათ.

analit-rejim-1 analit-rejim-2
analit-rejim-3 analit-rejim-4
analit-rejim-5 analit-rejim-6
analit-rejim-7 analit-rejim-8