საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრები დღევანდელ აქციებს გამოეხმაურნენ.
ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, აქციაზე მომხდარი ინციდენტი ტოტალური სიბნელის გამოვლინება იყო. მისივე თქმით, ლინჩის წესით გასამართლების პოლიტიკის ნაწილად ქცევა მთავრობამ წაახალისა.„პოლიტიკის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა ლინჩის წესით გასამართლება, ცხვირ-პირის გართიანება, ცემა-ტყეპა, გატყავება... ეს არის იმის გამოხატულება და იმის მიზეზიც, რომ ქვეყანაში დაისადგურა სიბნელემ“, - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, სახელმწიფომ დღეს ვერ დაიცვა უმცირესობა. მისივე თქმით, არ არსებობს რელიგია, რომელიც ადამიანებისთვის ქვების სროლას ამართლებს.
„სასულიერო პირს არ აქვს მორალური უფლება, მოუწოდოს ადამიანთა ერთ ჯგუფს - მეორე ჯგუფს ქვები ესროლოს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტალისტები გამოუშვეს პოლიტპატიმრების სტატუსით“, - განაცხადა გაბაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიას განცხადებით კი, სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები არიან დამნაშავეები, რომლებიც მკაცრად უნდა დაისაჯონ.
"დღეს არის სამარცხვინო და საგანგაშო დღე მთელი საქართველოსთვის, სიძულვილით აღსავსე მოძალადეები სასტიკად არბევდნენ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი მოსაზრების დაფიქსირება სურდათ. ისინი არიან საქართველოს მტრები, დამნაშავეები და ისინი უნდა იქნენ დასჯილი", - განაცხადა ბოკერიამ.