საზოგადოება
საქართველო - გლოვის დღე: ავღანეთში დაღუპული სამხედროები სამშობლოში ჩამოასვენეს

chamosveneba-MT-A1საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პატივსაცემად შს სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა.

ავღანეთში, „შირგაზის“ ბაზაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე - უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დღეს დილით სამშობლოში ჩამოასვენეს. ჩამოსვენების ცერემონიას თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

დღესვე ვაზიანის IV ქვეით ბრიგადაში, სადაც დაღუპული სამხედროები მსახურობდნენ, სამწყობრო მოედანზე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი გმირების ხსოვნას, ხოლო მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სიტყვით მიმართა მათ თანამებრძოლებს.

"დღეს უმძიმესი დღეა შეიარაღებული ძალებისთვის და მთელი საქართველოსთვის. სამშობლოსგან შორს, სამშობლოს სამსახურში ზვიად დავითაძემ, ალექსანდრე კვიწინაძემ და ვლადიმერ შანავამ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს", - განაცხადა მინისტრმა.

დაღუპული ჯარისკაცების პანაშვიდი დღეს, 19:00 საათზე, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, 13 მაიის ავღანეთში, "შირგაზის" ქართულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა, 27 სამხედრო კი დაიჭრა.

საქინფორმის მკითხველს შეახსენებთ, რომ ქართული კონტინგენტი სამშვიდობო მისიას ავღანეთში ISAF-ის შემადგენლობაში 2009 წლის აგვისტოდან ასრულებს. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე იქ 22 ქართველი სამხედრო დაიღუპა. ამჟამად ავღანეთში 1545 ქართველი სამხედრო მსახურობს. 

chamosve-1 chamosve-2
chamosve-3 chamosve-4
chamosve-5 chamosve-6