საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „არც ერთ ქვეყანაში ვიზიტის პრობლემა არ მაქვს და, მათ შორის, არც ამერიკაში“

premier-usa2საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სამართლიანობის აღგენის კუთხით ევროპას საქართველოსთან  კითხვები აღარ აქვს და საქართველოს კვლავაც ექნება დასავლეთის მხარდაჭერა სხვადასხვა რეფორმის განხორციელებაში.

„ვფიქრობ, რომ მათი დახმარება (სასამართლოს კუთხით გპასუხობთ) საჭირო აღარ არის. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სხვა - ეკონომიკურ თუ სხვა სახის - რეფორმებში დახმარების დიდი იმედი გვაქვს. რაც შეეხება ჩემს ვიზიტებს, ნამდვილად არ მაქვს არსად წასვლის პრობლემა. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნის შიგნით დავლაგდეთ. შეიცვალა აქცენტი, რომელიც არასწორად ჰქონდა დასმული წინა ხელისუფლებას და ანგარიშვალდებული იყო სწორედ საზღვარგარეთ, ევროპელებთან და ამერიკელებთან, საქართველოს საზოგადოებას კი იგნორირებას უკეთებდა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი იყო. ისე კი, არც ერთ ქვეყანაში ვიზიტის პრობლემა არ მაქვს და, მათ შორის, არც ამერიკაში. ჩვენი სურვილი სწორედ ესაა, რომ მაქსიმალურად კარგად ვაჩვენოთ ჩვენი სახე სწორედ ამერიკელებს, ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანას”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.