პოლიტიკა
ავღანეთში ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს

avghaneti-mtსაქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს. ცერემონია, რომელსაც სამშვიდობო მისიაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო პირებიც ესწრებოდნენ, ჰელმანდის პროვინციაში, „ლაზერნიკის“ ბაზაზე გაიმართა.

"რეგიონული სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის" მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვოლტერ მილერმა კოალიციის სახელით მწუხარება გამოხატა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული კონტინგენტის უმნიშვნელოვანესი როლი ISAF-ის მისიაში.
42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ. მათ ცხედრებს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: თავდაცვის სამინისტროში გუშინ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ 27 დაშავებული სამხედრო მოსამსახურიდან 10 უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, ხოლო რამდენიმე დაჭრილ ჯარისკაცს სამკურნალოდ გერმანიაში ან საქართველოში გაგზავნიან.

მინისტრისავე განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულ ალექსანდრე კვიწინაძეს, უმცროს სერჟანტ ზვიად დავითაძეს და კაპრალ ვლადიმერ შანავას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგენენ.

avR-1 avR-2
avR-3 avR-4