სამართალი
პრემიერი ივანიშვილი: “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად!“

1-BIDZ-5საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. დღეს, დილის 11 საათზე, Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა თემაზე საუბრისას მან ისიც აღნიშნა, რომ  მთავრობა ყველა უმცირესობის უფლებას დაიცავს და სექსუალური უმცირესობები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც თითოეული ჩვენგანი.

„მე მრავალჯერ განმიცხადებია, სექსუალური უმცირესობები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ჩვენ, თითოეული ჩვენგანი და ამაზე აქცენტები არ უნდა გაკეთდეს. საზოგადოება ამას ნელ-ნელა შეეჩვევა. მე ვიცი, რომ არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც ამას ვერ ღებულობს. ამისთვის არსებობს ჩვენს სახელმწიფოში სამართალდამცავი სტრუქტურები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დავიცვათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ 17 მაისს დაგეგმილ აქციაზე პოლიციის ძალით დაცული იქნება ყველა ადამიანის უფლება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობის” ორგანიზებით, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება. ამასთან, დაგეგმილია მათ წინააღმდეგ მიმართული აქციაც.