სამართალი
მამუკა ბაკურია: “დავით საყვარელიძე ძალიან კარგად იფურთხებოდა, ეტყობა, სპეციალურ მასწავლებელთან დაჰყავდათ!”

1-bakuria-sam1-mtavarსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. 13 მაისს მედიაკავშირი „ობიექტივის“ ოფისში  პროდიუსერმა ილია ჩაჩიბაიამ და დილის გადაცემის წამყვანმა მამუკა ბაკურიამ ფრანგულ კლუბ-რესტორან  „ლა-ტრუფეში“ 2 დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, რომელსაც საქინფორმის კორესპონდენტიც ესწრებოდა.

ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, მედიაკავშირი „ობიექტივი“ რესტორან „ლა-ტრუფეში“ მომხდარს „ობიექტივის” წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. მამუკა ბაკურიას განმარტებით, იგი სამ მეგობართან ერთად სტუმრობდა რესტორანს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, ზაზა გოროზია და სხვა პირები იმყოფებოდნენ. მთვრალი ნიკა მელია მათ სუფრასთან მივიდა, მის მეგობარს მხარზე ხელის დარტყმით მიესალმა და სუფრაზე მსხდომთ აგდებულად მიმართა, რის შემდეგაც ბაკურიამ ასევე მხარზე ხელის დარტყმით სთხოვა მელიას იქაურობის დატოვება. ამას კონფლიქტი მოჰყვა, რომელშიც მელიას თანაგუნდელებიც ჩაერთნენ.

ბაკურიას განმარტებითვე, იმის გამო, რომ რესტორანში თურმე მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა, ვიდეოკამერები გამორთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ჩხუბის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე წავიდა.

„ყველა მათგანი ძალიან უღირსად იქცეოდა. ბატონი დავით საყვარელიძე ძალიან კარგად იფურთხებოდა, ეტყობა, სპეციალურ მასწავლებელთან დაჰყავდათ. საშინელი აგრესია იყო მათი მხრიდან. ქალსაც კი ხელით შეეხნენ - მანანა გიორგობიანს, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემიძლია დავადასტურო ისიც, რომ ჩხუბის დროს ვანო მერაბიშვილიც იქ იმყოფებოდა, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია“, - აღნიშნა მამუკა ბაკურიამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 11 მაისს, გვიან ღამით, კლუბ-რესტორან „ლა-ტრუფეში“ სიტყვიერი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მამუკა ბაკურიასა და მის მეგობრებს შორის ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1-bakuria-sam1-qv