საზოგადოება
13.05.13 - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი: “ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში საქართველოსთვის იბრძვიან!”

1-sazog2-margvelსაქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა 13 მაისს ავღანეთში სამხედრო ბაზაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და აღნიშნა, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, მთელს ქვეყანას ამ გმირების ტრაგიკული სიკვდილი, რომელიც ჩვენ დღეს გავიგეთ. ბუნებრივია, ძალიან მძიმეა ეს იმ ოჯახებისთვის, ვინც დაკარგა თავისი შვილები ავღანეთის მიწაზე, იმათთვის, ვინც იციან, რომ მათი შვილები დაჭრილები არიან.

ცოტა ხნის წინ მე შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ავღანეთში არიან დაჭრილები და ვნახე საოცარი გმირობა, გამბედაობა, რომელიც მათ აქვთ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ერთად დანახვა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ეს ხალხი იქ იბრძვის საქართველოსთვის, როგორც ერთიანი მშვიდობიანი მსოფლიოს ნაწილისთვის!

21-ე საუკუნემ მოიტანა ვითარება, როდესაც მცირე ერებიც კი არიან გლობალური უსაფრთხოების კონცეფციის ნაწილი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ირაკლისთვის, რომელიც, ბუნებრივია, განსაკუთრებით განიციდის ამ ყველაფერს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.