აქტუალური
13.05.13 - კიდევ სამი დაღუპული ახალგაზრდა ქართველი - სხვის მიწაზე, სხვის ომში, სხვისი ინტერესებისთვის...

1-aqtual2-alasan-2საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 13 მაისს, 16:17 საათზე განხორციელდა მეამბოხეთა დღემდე ყველაზე მასშტაბური კომბინირებული ტერორისტული თავდასხმა ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე. თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით იერიში მიიტანა 42- ბატალიონის ბაზაზე.

თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში. მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ასევე ესაუბრა 42-ე ბატალიონის მეთაურს მაიორ კალანდაძეს.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  საგანგებო ბრიფინგი გამართა: დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე: კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. მინდა მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს - ეს დიდი ტრაგედია. ჩვენ ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე.
ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები. ყველა დაჭრილის ოჯახის წევრი ინდივიდუალურად არის ინფორმირებული. საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახების გვერდით დგას და განიცდის ამ მოუშუშებელ ტკივილს. კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა, სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ აგვაცილა თავიდან გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია.“
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თავდაცვის სამინისტროს: 2 91 04 21; 2 72 35 35 (შიდა ნომერი 2325).