სამართალი
„ვაკეში თქვენ არ იგულავებთ!“ - რესტორან „ლა ტრუფეში“ ნაცებს სცემეს

1-la-trufeსაქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ფრანგულ რესტორან „ლა ტრუფეში“, რომელიც ზოგიერთი მედიაგამოცემის ვერსიით, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ეკუთვნის, შაბათს, 11 მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა უკვე დაჰკითხეს ია ფარულავა, თიკო სადუნიშვილი, ბექა მაზიაშვილი, მამუკა ბაკურია, მანანა გიორგობიანი და, ასევე, რესტორნის მომსახურე პერსონალი.

მოწმეთა ჩვენებით, იმ საღამოს რესტორანს სტუმრობდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები: გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინა ბოკუჩავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, „ნაცმოძრაობის“ გენმდივანი ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე თაკო სალაყაია და კიდევ რამდენიმე კაცი.

შელაპარაკება მაგიდებთან მსხდომ სტუმრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. „ნაცმოძრაობის“ წევრებსა და გვერდით მაგიდასთან მჯდომ ცოტნე ბაკურიას ძმას, მამუკა ბაკურიას შორის დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთი ქალბატონი გახდა. თავად ბაკურიას თქმით, ჩხუბი მთაწმინდის გამგებელმა ნიკა მელიამ დაიწყო, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მის მეგობარ ქალს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განმარტებით კი, მამუკა ბაკურია სამ ქალთან ერთად შევიდა რესტორანში და შესვლისთანავე შეურაცხმყოფელი ლაპარაკი დაიწყო: „მკვლელები აქ არ უნდა შემოდიოდნენ, დაახვიეთ აქედან, ვაკე ჩვენია, ბოზების ქეიფის დრო დამთავრდა“ და ა. შ., რაც, უმცირესობის წევრთა განმარტებით, შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა.

ჩხუბის შედეგად დაზარალდნენ გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და ზაზა გოროზია, ასევე, ბაკურიას მეგობარი ბექა მაზიაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მის თანაგუნდელებზე კრიმინალური თავდასხმა განხორციელდა.

ეკა ბესელიას შეფასებით, ძალადობას და აგრესიას სახელმწიფო არასოდეს წაახალისებს, თუმცა მან დეპუტატებს იქვე შეახსენა, რომ ამ ადამიანებს უმცირესობა არაადამიანურად ეპყრობოდა და ახლა მათი რეაქცია ადეკვატურია.