კილაძის განმარტებით, შეხვედრის მონაწილენი იყვნენ ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი, სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი და შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელმაც ამირეჯიბს ფარესაშვილთან ურთიერთობის შეწყვეტა ურჩია. ასევე, ხსენებულ შეხვედრაზე ხვედელიძემ ამირეჯიბს აცნობა, რომ არსებობდა სკანდალური ვიდეოჩანაწერი ფარესაშვილზე.
კილაძის განცხადებით, აუდიოჩანაწერში ლაპარაკია სხვა თემებზეც, კერძოდ, კვერცხების ბიზნესზე. როგორც აუდიოჩანაწერში ხვედელიძე ამბობს, საქართველოში გარკვეულ ჯგუფებს კვერცხი 6 ცენტ-ნახევრად შემოაქვთ. კილაძის განმარტებით, საიტი, რომელზეც ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დაიდო, აშშ-ში იქნა შეძენილი.
ელისო კილაძე შს მინისტრის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ხვედელიძის დაკავებასთან დაკავშირებით სამართლიანსა და უპრეცედენტოს უწოდებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინა ადეკვატური რეაქცია, დასჯილია საქმის ორგანიზატორი, თუმცა, სავარაუდოდ, მას დამხმარეები ჰყავდა.
ამასთან, კილაძემ მოუწოდა საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რომ თანამდებობიდან გადააყენოს თავისი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რადგან მისი ზედამხედველობით გამოძიება ობიექტურად ვერ წარიმართება.
„გვაინტერესებს ყველა იმ კონკრეტული პირის დასახელება, ვინც მონაწილეობდა ამ ორგანიზებულ დანაშაულში. იმიტომ რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მინისტრის პირველი მოადგილე წავიდა, თავისი ხელით გადარიცხა თანხა, ატვირთა ეს ამარზრზენი ვიდეოკადრები საიტზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა კილაძემ.