პოლიტიკა
ხუხაშვილი: „უფლებას ვიტოვებ, დავაყენო ყველა ცრუ წყაროს პასუხისმგებლობის საკითხი!“

1-Xuxa-polit1საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძის დაკავების ფაქტს ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ გასაჯაროების გამო და აღნიშნა, რომ იგი სრულად იზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების პათოსს და მოითხოვს მთელი ამ ისტორიის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას. მისივე თქმით, „გამოძიებულ უნდა იქნეს როგორც ჩემი შემხებლობა ამ ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე ყველა იმ და სხვა ბრალდების გარემოებები, რომლებიც ისმოდა ჩემი მისამართით მთელი ამ კამპანიის განმავლობაში“.

ამასთან, მან ბოდიში მოუხადა ყველა ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულებამდე საკითხის კომენტირებისგან თავს შევიკავებს, რათა, მისი “ლეგენდარული” შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს არ იქნეს აღქმული გამოძიებაზე ზეწოლად.

მან, აგრეთვე, თხოვნით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს, შეისწავლონ ყველა ჟურნალისტის და მედიასაშუალების მოქმედება ამ პერიოდში იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა მათი ქმედება ცივილიზებულ საზოგადოებაში არსებულ   მინიმალურ სტანდარტებს.

„მივმართავ იმ ჯგუფებს, რომლებიც საუბრობდნენ ჩემზე, არა მხოლოდ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, არამედ გაასაჯაროვონ ყველა ის ფაქტი, რომელიც ჩემ შესახებ აქვთ, რათა საზოგადოებას აღარ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები... გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებები გასცდა იმ ფარგლებს, რაც ითვალისწინებს საჯარო პირის მხრიდან თმენის ვალდებულებას, გამოძიების დასრულების შემდეგ ვიტოვებ უფლებას, დავაყენო ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდა ცრუ წყაროს მთელ ამ ისტორიაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.