სერგეენკო: „მარიხუანა სუპერმარკეტებში არ გაიყიდება!“
საქართველო, 10 მაისი,
საქინფორმი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა
დავით სერგეენკომ პროექტ
„საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ის, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, არ ნიშნავს იმას, რომ გავიღვიძებთ და ერთ მშვენიერ დღეს მარიხუანა სუპერმარკეტებში გაიყიდება“.
მინისტრის თქმით, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციის საკითხი დიდი ალბათობით გადახედვას საჭიროებს. „აქაც სტრატეგიული გათვლაა საჭირო, იმისათვის, რომ რიკოშეტის ეფექტი არ მივიღოთ“, - განაცხადა მინისტრმა და იქვე განმარტა, რომ ნარკოტიკის მექანიკურ აკრძალვას სხვა მიმართულებების განვითარება მოჰყვება, რადგან ნარკოტიკების ბაზარს უკიდურესი მოქნილობა ახასიათებს. „ამიტომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს“, - განაცხადა სერგეენკომ.