პოლიტიკა
სტუდენტებთან პრეზიდენტის შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

1-akcia-univeriსაქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. უნივერსიტეტთან ყოფილი პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირები შეიკრიბნენ, რომლებიც სააკაშვილის 9-წლიან მმართველობას აპროტესტებენ. ამასთან, აქციის მონაწილენი შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამჟამად დაკავებულია. როგორც შემდგომ განმარტეს, დაკავების მიზეზი გახდა უცენზურო შეძახილი პრეზიდენტის მისამართით. დაკავებული გადაყვანილია პოლიციაში და, მისი მეგობრებისა და აქციის მონაწილეების თქმით, იგი დანაშაულს აღიარებს.

პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას მედიის წარმომადგენლები არ ესწრებიან. სტუდენტები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ვერ დაესწრნენ, უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ. მათი თქმით, გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ პრეზიდენტთან, მაგალითად, ციხის კადრებსა და 17 მაისს თბილისში დაგეგმილი ლჰბტ-ს აქციასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი შეხვედრაზე არ დაუშვეს.

უნივერსიტეტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.