საზოგადოება
17 მაისს საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ

1-lgbtსაქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს - 17 მაისს საქართველოშიც აღნიშნავენ. ორგანიზაცია "იდენტობა" და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია- ფლეშმობს გამართავენ. ცისარტყელის ფერებში ჩაცმული აქციის მონაწილეები საქართველოში ლჰბტ პირების დისკრიმინაციის ფაქტებს გააპროტესტებენ.

სასტუმრო "რედისონში" უკვე დასრულდა 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებული „იდენტობის“ ბრიფინგი, რომლის დამთავრებისთანავე რამდენიმე მოქალაქემ ხსენებული აქციის მოწყობა გააპროტესტა იმ მოტივით, რომ ლჰბტ პირთა უფლებების დამცველნი გარყვნილების პროპაგანდას ახდენენ.

მოქალაქეთა თქმით, სინადვილეში აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მოსალოდნელია გეი აღლუმი რუსთაველზე.

"ჩვენ არ გვსურს ქვეყანაში ქალაჩუნა ბიჭები და მამალი გოგონები", - აცხადებდნენ მოქალაქეები. ისინი რამდენიმე დღეში ბრიფინგს გამართავენ და 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას თავიანთ სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

მათივე განცხადებით, ისინი მშვიდობიანი ფორმით აპირებენ "იდენტობის" ღონისძიების გაპროტესტებას.

თავის მხრივ, აქციის ორგანიზატორები შსს-ს მოუწოდებენ, 17 მაისს მობილიზება მოახდინოს და  აქციის მონაწილეების უსაფრთხოება უზრუნველყოს.