საზოგადოება
თეა წულუკიანი: „არ შეიძლება, ცივილიზებული ადამიანები უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს“

1-wulukiani-Teaსაქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ გააკეთა, ლჰბტ პირების მიმართ ძალადობა და მათი აქციისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან შეკრების თავისუფლება აქვს ყველას, თუკი ისინი კანონს არ არღვევენ.

მისივე თქმით, მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას აპირებს, „მაქსიმალურად გონივრულად უნდა დაგეგმოს აქცია“, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ისედაც გაღიზიანებულია.

„არ შეიძლება, ცივილიზებული ადამიანები უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს. ეს არის უპირველესი საფუძველი ცივილიზებული საზოგადოების. ჩვენი თვალთახედვის არე უნდა მთავრდებოდეს გარკვეული ოთახის კარებთან. ამის იქით ჭვრიტინი არის უხამსობა და უმსგავსობა. ხდება ასეთი რაღაცეები, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მოსწონს არა ქალი, არამედ კაცი. ეს არსებობს და არ არის გამოგონილი. როცა ადამიანი ასეთი განცდით იღვიძებს და აცნობიერებს, რომ არის უმცირესობა, ამის გამო არ შეიძლება მას ვინმე თავს დაესხას და სცემოს, რადგან ეს ბარბაროსობაა. მჯერა, რომ ეს არ არის ქართული საზოგადოების სახე. სოციალურ ქსელებში არის დისკუსია, საზოგადოების უმრავლესობა იზიარებს, რომ ძალადობა მისაღები არ არის და ეს არის სირცხვილი. შეკრების თავისუფლება აქვს ყველას. თუკი ისინი არ არღვევენ კანონს, არ მოუწოდებენ შუღლისაკენ. იმის მიუხედავად, როგორი მრწამსის და სექსუალური ორიენტაციის არის ადამიანი, მას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი", - განაცხადა წულუკიანმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ შარშან სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქცია თბილისში შეხლა-შემოხლით დასრულდა.